English / ქართული / русский /
ონისე მირცხულავა
ქვეყანაში სამართლიანი და ეფექტური საგადასახადო სისტემის ფორმირების პრინციპები

ანოტაცია. სწორი საგადასახადო პოლიტიკის შემუშავება, დანერგვა და გატარება სახელმწიფო პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.საგადასახადო სისიტემის მიერ გამომუშავებული რესურსებით ფორმირდება ბიუჯეტი და ფუნქციონირებს სახელმწიფო, რასაც მოსდევს ქვეყნის განვითარება და ეკონომიკური წინსვლა. შესაბამისად სწორი პოლიტიკის შემუშავება, მისი კონტროლი და პრობლემათა ანალიზი მოგვცემს სრულყოფილი სისტემის შექმნის საშუალებას. ეფექტური ეკონომიკური პოლიტიკის განხორციელებისთვის სახელმწიფომ უნდა განახორციელოს ერთიანი საგადასახადო პოლიტიკის ფორმირება, მასში წარმოქმნილი პრობლემების ანალიზი და  შედეგების რეგულირება. მხოლოდ გამართული და მოქნილი საგადასახადო სისტემის ქონის შემთხვევაშია შესაძლებელი  მდგრადი ეკონომიკური განვითარების მიღწევა, ეკონომიკის ზრდა და მწვავე სოციალური პრობლემების გადაწყვეტა.

გადასახადების განსაზღვრა, მისი ოდენობის დადგენა და კონტროლი სამართლიანობისა და ეფექტიანობის გათვალისწინებით უძველესი დროიდან წამოადგენდა ცნობილ მოაზროვნეთა მსჯელობის საგანს.  ყველა ქვეყნის პრეროგატივაა ისეთი მოქნილი და ეფექტური საგადასახადო სისტემის შექმნა, რომელიც ადვილად მოერგება XXI საუკუნეში სწრაფად ცვალებად ეკონომიკურ გარემოს.

საკვანძო სიტყვები: საგადასახადო პოლიტიკა, გადასახადების განსაზღვრა, ეკონომიკური გარემო. 

***

საგადასახადო სისტემა და საგადასახადო პოლიტიკა სახელმწიფოს ფუნქციონირების ეფექტიანობის განუყოფელი ნაწილია, რომელიც მიუთითებს სოციალური კონტრაქტების ქმედუნარიანობაზე სახელმწიფოსა და საგადასახადო სუბიექტებს შორის. ეფექტიანი საგადასახადო პოლიტიკა და საგადასახადო ადმინისტრირება წარმოადგენს სტაბილური ეკონომიკური ზრდისა და ქვეყნის მდგრადი განვითარების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პირობას მოკლევადიან, საშუალოვადიან და გრძელვადიან გეგმებში. ეს ქმნის მთლიანობაში ბიზნესის კონკურენტუნარიანობის ზრდის ამოცანების გადაწყვეტის, მცირე და საშუალო მეწარმეობის სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველყოფის რეალურ საფუძველს და განისაზღვრება სახელმწიფოს რიგი მნიშვნელოვანი სოციალურ-პოლიტიკური ამოცანები. ამავდროულად, გადასახადების გადამხდელების უფლებების დაცვის აუცილებელი პირობების შექმნა ხელს უწყობს ეროვნული, პრიორიტეტული ეკონომიკური და სოციალური მიზნების მიღწევას.

გადასახადები ყოველთვის და ყველგან მთელი საზოგადოების სოციალურ-ეკონომიკურ სფეროს მოიცავდა. გადასახადი საზოგადოების ყველა წევრმა უნდა გადაიხადოს, რადგან იგი სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისთვის მისი თითოეული წევრისთვის გაწეული მომსახურების ფასია. კაცობრიობის ისტორიაში არ მოპოვება გადასახადების გარეშე სახელმწიფოს არსებობის არცერთი ფაქტი. ამასთან ერთად, მსოფლიოში ჯერ არ შექმნილა სრულყოფილი და რეალური საგადასახადო სისტემა.

ნებისმიერ სიტუაციაში, როდესაც სახელმწიფო ხელისუფლება საქონლის (მომსახურების) მყიდველებსა და გამყიდველებს გადასახადის გადახდას აკისრებს, საზოგადოება ბაზრის ეფექტიანობისგან მიღებული სარგებლის ნაწილს კარგავს. გადასახადები ძვირად უჯდებათ ბაზრის მონაწილეებს არა მარტო იმიტომ, რომ გადასახადებს გადააქვთ რესურსები ამ მონაწილეებისგან ხაზინაში, არამედ იმიტომაც, რომ საზოგადოების წევრთა სტიმულებს ცვლიან და ბაზრის ფუნქციონირების შედეგებს ამახინჯებენ. საქონლის (მომსახურების) გადასახადებით დაბეგვრა ამცირებს საქონლის როგორც მყიდველების, ისე გამყიდველების კეთილდღეობას. იგი მყიდველებს ნაკლები მოხმარებისკენ, ხოლო გამყიდველებს ნაკლები წარმოებისკენ უბიძგებს, ეს კი ბაზრის მოცულობის შემცირებას იწვევს.

ეკონომისტები, ფილოსოფოსები, ფინანსისტები და სხვა სფეროს სპეციალისტები იმ აზრის არიან, რომ საგადასახადო სისტემა სამართლიანი უნდა იყოს, მაგრამ არ არსებობს ერთიანი აზრი იმის შესახებ, თუ რა არის სამართლიანობა და როგორ შევაფასოთ საგადასახადო სისტემის სამართლიანობა.

საგადასახადო კანონმდებლობა მუდმივ ცვალებადობას განიცდის. საგადასახადო სისტემის სრულყოფა განვითარების ნებისმიერ საფეხურზე მყოფი სახელმწიფოს ყოველდღიური ამოცანაა. თუმცა ამ ამოცანის გადაწყვეტას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ საგადასახადო კუთხით ექსპერიმენტების ჩატარება თითქმის გამორიცხულია. ეს განპირობებულია იმით, რომ სუბიექტები, რომლებიც წარმოადგენენ გადასახადის გადამხდელებს არიან ფიზიკური ობიექტები და ავტომატურად კი არ ემორჩილებიან გარეშე ფაქტორებს, არამედ არიან ცოცხალი ადამიანები საკუთარი შეხედულებებითა და სურვილებით, რომლებიც შესაძლებელია სხვადასხვანაირად მოქმედებდნენ ერთი და იგივე ფისკალური პოლიტიკის პირობებში. ამიტომ არ არის არანაირი გარანტია იმისა, რომ განმეორებითი ექსპერიმენტის პირობებში, ყოველ ახალ ცდაზე, როგორც ინდივიდის, ასევე მათ მიერ შექმნილი ორგანიზაციის ქმედება იქნება ანალოგიური. ასევე შეუძლებელია იმის დასაბუთება, რომ ცდის შედეგად მიღებული შედეგი განპირობებულია საგადასახადო ფაქტორებით და არა სხვა უამრავი ფაქტორით, რომლებიც გავლენას ახდენენ მოსახლეობისა და ორგანიზაციების ქმედებებზე თანამედროვე პირობებში.

კვლევები მოწმობს, რომ ერთადერთი ქმედება, რაც საგადასახადო სისტემის სრულყოფის მიზნით შესაძლებელია გაკეთდეს, არის არა ექსპერიმენტების ჩატარება, არამედ გადასახადებთან დაკავშირებით სხვადასხვა კვლევებისა და შეხედულებების ანალიზი, ქვეყნების გამოცდილებების შესწავლა და არა მათი პირდაპირი კოპირება ქვეყნის ეკონომიკაში, არამედ ლოგიკური დასკვნების გაკეთება, საგადასახადო სისტემის აგების ძირითადი პრინციპების დანახვა, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის შეფასება, არსებული სიტუაციის გათვალისწინება, მომავალი გეგმის დასახვა და ოპტიმალური საგადასახადო სისტემის შემუშავება.

განვითარების ნებისმიერ ეტაპზე მდგომი სახელმწიფოსათვის ოპტიმალური საგადასახადო სისტემის ჩამოყალიბება უდიდესი მნიშვნელობის პრობლემას წარმოადგენს. დღესდღეობით არ არსებობს მსოფლიოში სახელმწიფო, სადაც მუდმივად არ დაობდნენ გადასახადების სახეების, სტრუქტურის, განაკვეთების და მთლიანად საგადასახადო პოლიტიკის თაობაზე. აღნიშნული განპირობებულია იმით, რომ საგადასახადო სისტემა უნდა ესადაგებოდეს ქვეყნის რეალურ ეკონომიკურ მდგომარეობას და ადეკვატურად უნდა შეესაბამებოდეს მიმდინარე ეკონომიკურ პროცესებს. შესაბამისად საგადასახადო სისტემა მუდმივ ცვალებადობასა და სრულყოფას უნდა განიცდიდეს.

დემოკრატიული, ჰუმანური და პროგრესული საზოგადოების საგადასახადო სისტემის ზოგად პრინციპებს განსაზღვრავს კერძო საკუთრებაზე და საბაზრო ურთიერთობებზე დაფუძნებული საგადასახადო სისტემის არსებობა, რომლის დროსაც სახელმწიფოში განხორციელებულია ხელისუფლებათა დაყოფა, გადაწყვეტილებათა მიღება ხდება დეცენტრალიზებულად და არცერთ სოციალურ ძალას არ გააჩნია დანარჩენებზე ბატონობა, ხოლო საზოგადოების მიზანს წარმოადგენს პიროვნების განვითარება და ადამიანის უფლებების დაცვა.

ჰუმანური და პროგრესული საზოგადოების საგადასახადო სისტემის ეს ზოგადი პრინციპები, გადასახადით დაბეგვრის თვალსაზრისით უნდა აკმაყოფილებდეს ისეთ ძირითად მოთხოვნებს, როგორიცაა: გადასახადების დასაბუთება, პიროვნების პრიორიტეტულობა და გადასახადის არადისკრიმინაციულობა, გაუპიროვნებულობა, ნეიტრალურობა და ეფექტიანობა, “ლეგიტიმურობა”, ორმაგი დაბეგვრის გამორიცხვა, გამჭვირვალობის დაცვა და თვითნებობის დაუშვებლობა. ასევე მნიშვნელოვანია შემდეგი პრინციპების დაცვა: გადასახადების სამართლიანი გადანაწილება, გადასახადების სიმარტივე, გარკვეულობა, გადასახადების აკრება ხელსაყრელ პერიოდში, გადასახადების ამოღების პროცედურა მინიმალური დანახარჯების პირობებში.

თანამედროვე პირობებში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საგადასახადო სისტემის რაციონალური, ფუნდამენტალური პრინციპების ჩამოყალიბებას. თუ არ გვექნება ჩამოყალიბებული საგადასახადო სისტემა ეტალონის სახით, რომელიც დაეფუძნება სპეციალურად ჩამოყალიბებულ ფუნდამენტალურ მოთხოვნებს, შეუძლებელია დავადგინოთ რამდენად კარგია თუ ცუდი სახელმწიფოს მიერ გატარებული საგადასახადო პოლიტიკა. საგადასახადო სისტემის ცალკეული ასპექტის კრიტიკა (არ ახდენს წარმოების სტიმულირებას, არ ქმნის ხელსაყრელ პირობებს სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ა.შ.) ხშირად არ არის დასაბუთებული და ასეთი ლოკალური მოთხოვნები შესაძლებელია წამოყენებული იქნას ფისკალური ურთიერთობების მონაწილე სხვადასხვა მხარეების მიერ უსასრულოდ.

საგადასახადო ტვირთი (საგადასახადო სიმძიმე) – არის განზოგადებული მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს გადასახდების როლს საზოგადოების ცხოვრებაში და განისაზღვრება, როგორც საგადასახადო შემოსავლების საერთო ჯამის შეფარდება ერთობლივ ეროვნულ პროდუქტთან. სხვა სიტყვებით – საგადასახადო ტვირთი ასახავს საზოგადოების მიერ წარმოებული პროდუქტის იმ ნაწილს, რომელიც ნაწილდება საბიუჯეტო მექანიზმის მეშვეობით. როგორც წესი, საგადასახადო შენატანების ყველაზე მაღალი დონით ხასიათდებიან ალკოჰოლიანი ნაწარმის (ღვინო-არაყი) მწარმოებელი საწარმოები, ვინაიდან ამ პროდუქციის ღირებულებაში მნიშვნელოვანი ნაწილი აქციზს უჭირავს. საგადასახადო შენატანების მაღალი დონეა ნავთობპროდუქტების მწარმოებელ საწარმოებშიც, ხოლო სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებელ საწარმოებში ეს მაჩვენებლები მნიშვნელოვნად მცირეა.

საგადასახადო ტვირთის ოპტიმალური სიდიდე – ნებისმიერი სახელმწიფოს პრობლემაა. ცალკეული ავტორების მიერ, როგორც სპეციალურ, ისე პუბლიცისტურ ლიტერატურაში ხშირად ქვეყნდება მოსაზრებები იმის თაობაზე, რომ, რაც დაბალია საგადასახადო განაკვეთი, მით უფრო დინამიურად ვითარდება სახელმწიფოს ეკონომიკა: რაც უფრო ნაკლებია გადასახადები მით მეტია ეკონომიკის ზრდის ტემპი. ამ მოსაზრების პრაქტიკული რეალიზაციის მაგალითებისა და დინამიკის გადამოწმება ერთობ რთულია, რამდენადაც ეკონომიკის ზრდა სხვა ბევრ ფაქტორზეცაა დამოკიდებული, გარდა ამისა, ძლიერ დაბალი გადასახადების ქვეყნების გამოცდილება ფაქტობრივად არ მოიპოვება, შესაბამისად, მსჯელობა მხოლოდ თეორიულ ასპექტშია შესაძლებელი, თუმცა უდავოა, რომ რაციონალური საგადასახადო სისტემა ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად მოქმედებს.

დღეისათვის ეკონომიკურ ლიტერატურაში ცნობილია ძირითადი პრინციპების ერთობლიობა, რომელიც უნდა იქნეს გათვალისწინებული სამართლიანი და ეფექტიანი საგადასახადო სისტემის ფორმირებისას კერძოდ:

  • ყველა გადასახადის გადამხდელი ვალდებულია განახორციელოს კანონით დადგენილი გადასახადის, როგორც სავალდებულო და უპირობო ფულადი შენატანის, ბიუჯეტში გადახდა;
  • გადასახადების ადმინისტრირება უნდა იყოს მარტივი და ეფექტიანი;
  • გადასახადები უნდა იყოს სამართლიანი (ერთნაირ დასაბეგრ ობიექტზე უნდა დაწესდეს თანასწორი გადასახადები);
  • პასუხისმგებლობა საგადასახადო სამართალდარღვევისათვის უნდა იყოს ადეკვატური ჩადენილი სამართალდარღვევის.

გადასახადების სახელმწიფო მართვა ეკონომიკურ ურთიერთობათა სისტემაში გარკვეული თავისებურებებით გამოირჩევა. ქვეყნის ეკონომიკური განვითარება და ბიზნესგარემოს ფორმირება წარმოუდგენელია სახელმწიფოს ჩარევის გარეშე, ვინაიდან იგი განსაზღვრავს თამაშის წესებს და ამ ქვაკუთხედში ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად აღიარებულია საგადასახადო სისტემა, რომელიც წარმოადგენს გადასახადების დაწესების, შეცვლისა და გაუქმების, გადახდევინების პრინციპების, ფორმებისა და მეთოდების, საგადასახადო ორგანოების, საგადასახადო კონტროლის, აგრეთვე საგადასახადო კანონმდებლობის დარღვევისთვის პასუხისმგებლობის სახეების ერთობლიობას.

ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევების გადასაწყვეტად აუცილებელია ფინანსური რესურსების მობილიზება, რომელსაც მთავრობა ახორციელებს საგადასახადო პოლიტიკის მეშვეობით. აღნიშნული პოლიტიკის რეალიზება ხორციელდება საგადასახადო ადმინისტრირების მექანიზმის საფუძველზე და ემსახურება სახელმწიფოს ფუნქციების შესრულებას. იგი მოიცავს შემდეგ ელემენტებს:

  • დაგეგმვა - ქვეყნის ხელისუფლების მიერ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დოკუმენტის - სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის დამტკიცება, რომელიც მიიღება ყოველწლიურად და წარმოადგენს დეტალურ გეგმას ქვეყნის მიერ გასაწევი ხარჯებისა და შემოსავლების შესახებ;
  • საგადასახადო რეგულირება - სახელმწიფოს მიერ გადასახადებით, როგორც მძლავრი სამართლებრივი მექანიზმით, ეკონომიკაზე ზემოქმედება და შესაბამის ბიზნესსექტორში პროცესების შენელება ან სტიმულირება;
  • საგადასახადო კონტროლი - სახელმწიფოს მიერ მეწარმეებიდან გადასახადების ამოღებისათვის აუცილებელია კონტროლის მექანიზმის არსებობა, რაც გამოიხატება სახელმწიფოს მიერ ადმინისტრირების მეთოდების, იძულებითი ღონისძიებების გატარებასა და სამართალდარღვევისათვის პასუხისმგებლობის ზომების განსაზღვრაში.

სამეწარმეო საქმიანობისთვის ხელსაყრელი გარემოს ფორმირება თანამედროვე დემოკრატიული სახელმწიფოს განვითარების ქვაკუთხედია. სწორედ მოწესრიგებულ და მიმზიდველ ბიზნესგარემოში დევს ის გასაღები, რომლითაც უნდა გადაიჭრას სახელმწიფოს წინაშე მდგარი სოციალურ-ეკონომიკური პრობლემები და მოხდეს ქვეყნის მოსახლეობის მდგომარეობის გაუმჯობესება. ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გაუმჯობესებაში სახელმწიფოს პოლიტიკა ყოველთვის იყო მწვავე დისკუსიის საკითხი, რომელსაც თავისი აქტუალობა არც თანამედროვე ეტაპზე დაუკარგავს. აღსანიშნავია, რომ უკანასკნელ წლებში ქვეყნის ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მდგომარეობა ერთგვარი პოლემიკის საგნად გადაიქცა, რაც იმაზე მეტყველებს, თუ რა სერიოზულ როლს აკისრებს დღეს მეცნიერება სახელმწიფოს მიერ გადასახადების მართვას ეკონომიკის ფუნქციონირებაში. სახელმწიფოს როლის მნიშვნელობისათვის ხაზის გასმა, ვფიქრობთ, არ უნდა იქნეს გაგებული ისე, თითქოს სახელმწიფო ხარჯების პერმანენტული ზრდა ობიექტური რეალობაა და სასარგებლოა საერთო განვითარებისათვის. უფრო მეტიც, ჩვენ მიგვაჩნია, რომ ნებისმიერ საზოგადოებას ყოველთვის კონტროლის ქვეშ უნდა ჰქონდეს გადასახადების ოდენობა და აღნიშნული მოცულობის სარგებლობა.

გადასახადების სახელმწიფო მართვის პროცესში ფისკალურ ფუნქციასთან მიმართებაში დაბეგვრის ერთ-ერთი ამოსავალი და გადამწყვეტი პირობა უნდა იყოს გადასახადის გადამხდელთა მხრიდან არსებული საგადასახადო განაკვეთის გადახდისუნარიანობა და საგადასახადო ადმინისტრირებისათვის აუცილებელი ხარჯების მინიმიზება. აქედან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ საგადასახადო პოლიტიკის ფორმირების პროცესში გადასახადის გადამხდელის მიერ გადასახადის გადახდის შესაძლებლობის განსაზღვრა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ზოგადად საგადასახადო განაკვეთის დაწესება, რაც დღის წესრიგში აყენებს ზღვრული საგადასახადო განაკვეთის მოცულობის განსაზღვრის მიზანშეწონილობის საკითხს.

საგადასახადო განაკვეთის გავლენა სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების სიდიდეზე განხილული აქვს ცნობილ ამერიკელ ეკონომისტს არტურ ლაფერს, რომლის მიერ შექმნილი მოდელი ლიტერატურაში ლაფერის მრუდის სახელითაა ცნობილი (იხ. ნახაზი N1). მისი საგადასახადო კონცეფციის მიხედვით: საგადასახადო განაკვეთის გარკვეულ ზღვრამდე (30-35%) ზრდა იწვევს საგადასახადო შემოსავლების ზრდას, ხოლო მის ზემოთ გადიდება, კი, პირიქით, ამუხრუჭებს შემოსავლების გადიდებას და ეკონომიკურ პროგრესს. ამ კონცეფციის მთავარი იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მაღალი საგადასახადო ტვირთი ახშობს სამეწარმეო და საინვესტიციო აქტივობას, რის გამოც ეცემა წარმოების ზრდის ტემპები, ვიწროვდება საგადასახადო ბაზა და კლებულობს საგადასახადო შემოსავლების მოცულობა. მან დაადგინა, რომ საგადასახადო განაკვეთის 0% და 100% დონის პირობებში საგადასახადო შემოსავლები ნულის ტოლია და ასევე ნულის ტოლია გადასახადების გავლენა წარმოებაზე. 

 

ნახაზი N1. ლაფერის ეფექტის მრუდი. 

დასკვნა

ბიზნესსექტორისათვის გადასახადის განაკვეთის ოპტიმალური მოცულობის, სწორი საგადასახადო პოლიტიკის ჩამოყალიბების პრობლემა საზოგადოების ისტორიული განვითარების კვალობაზე არა მარტო არ მოიხსნა და არ შემსუბუქდა, არამედ, შეიძლება ითქვას, გარკვეულწილად გამწვავდა კიდეც. ეს დაკავშირებულია სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ცვლილებებთან, კაპიტალიზმის ტრანსფორმაციასთან, საბაზრო ეკონომიკის სოციალური მიმართულების განმტკიცებასთან, სახელმწიფოს ფუნქციების გართულება-გაფართოებასთან, ეკოლოგიური პრობლემების გამწვავებასთან და, შესაბამისად, სახელმწიფო ხარჯების ზრდის ტენდენციასთან. სახელმწიფო ხარჯების ზრდის შედეგების ანალიზმა, დადებითი და უარყოფითი ასპექტების შედარებამ და შეფასებამ განაპირობა მნიშვნელოვანწილად იმ აზრის წინ წამოწევა, რომლის შესაბამისად სამეურნეო სუბიექტების შემოსავლის გაზრდილი გადასახადით დაბეგვრა უკარგავს მათ მეწარმეობრივ სტიმულს.

როგორც ვხედავთ, მეწარმეთა გადასახადებით დაბეგვრას გააჩნია საგადასახადო საზღვარი, რომელიც წარმოადგენს დაბეგვრის პირობით წერტილს, რომელიც ოპტიმალურია როგორც გადამხდელისათვის, ასევე სახელმწიფო ბიუჯეტისათვის. პირობითი წერტილის გადაწევა ამა თუ იმ მხრეს წარმოშობს ურთიერთსაწინააღმდეგო სიტუაციას, რაც ვლინდება პოლიტიკურ კონფლიქტებში, ხელისუფლებისადმი გადამხდელთა დაუმორჩილებლობაში, გადასახადებისაგან მასობრივად თავის არიდებაში, ქვეყნიდან კაპიტალის გადინებაში, მოსახლეობის მიგრაციაში და სხვა. 

გამოყენებული ლიტერატურა: 

  1. ვ. მოსიაშვილი, მ. ჭელიძე,  „ფინანსები“, - თბილისი, გამომცემლობა “დანი”, 2016.
  2. ზ.ლიპარტია - „ფინანსური მენეჯმენტის ფილოსოფია“, მონოგრაფია, - თბილისი, გამომცემლობა „უნივერსალი“, 2017. გვ-506
  3. ზ.როგავა, „ საგადასახადო სამართალი“, თბილისი, გამომცემლობა „იუსტიციის სამყარო“ , 2018.
  4. საქართველოს საგადასახადო კოდექსი 2021
  5. ეკონომიკის პრინციპები გრეგორი მენქიუ 2008
  6. www.doingbusiness.org